Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
მთელი ქვეყანა საფრანგეთის უკან
2016-07-07 06:27 | ნახვები: 3738
12345678910
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

დღეს, საფეხბურთო სამყაროს ყურადღება მარსელისკენ იქნება მიპყრობილი, სადაც 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის მე-2 ფინალისტის ვინაობა გაირკვევა. აფიშაც შესაბამისია: მასპინძელი საფრანგეთი მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ გერმანიას დაუხვდება და თუკი იმარჯვა, ოქროს მედლებამდე ხელის ერთი გაწვდენაღა დარჩება. უკვე ცნობილია, რომ ამ წყვილში გამარჯვებული 10 ივლისს ფინალში პორტუგალიას შეხვდება. კრიშტიანო რონალდუმ და კომპანიამ პირველ ნახევარფინალში უელსს დამაჯერებლად – 2:0 სძლიეს.

ტრავმების მხრივ, უფრო რთული სიტუაცია გერმანიის ნაკრებშია. როგორც ცნობილია, ევროპის ჩემპიონატი ნაადრევად დასრულდა მარიო გომესისთვის, სამი ხედირა კი ნამდვილად დააკლდება ნახევარფინალს და მომავალი გამოკვლევების შედეგებს დაელოდება. ცხადია, მინდორზე ვერ ვიხილავთ მატს ჰუმელსსაც, რომელსაც დისკვალიფიკაცია აქვს მოსახდელი.

კარგი სიახლე ისაა, რომ მთავარ ჯგუფთან ერთად ივარჯიშა ნაკრების ერთ-ერთმა წამყვანმა სახე ბასტიან შვაინშტაიგერმა. მას 1 საკონტროლო ტესტი კიდევ ელის, თუმცა, დიდი ალბათობით, დღეს, სასტარტო შემადგენლობაში იქნება. ლიოვს შეუძლია განაცხადში შეიყვანოს ბენედიკტ ჰიოვედესიც, რომელმაც მცირე ტრავმა მოიშუშა.

საფრანგეთის ნაკრებს დაუბრუნდნენ სასჯელმოხდილი ნ’გოლო კანტე და ადილ რამი, “სამფეროვნების” მთავარი საფიქრალი კი ოლივიე ჟირუს ტრავმაა. ლონდონის “არსენალის” ფორვარდს მუხლი სტკივა და რამდენიმე ვარჯიშის გამოტოვება მოუხდა. არადა, ჟირუ თანამედროვე საფრანგეთის ეროვნულ გუნდში უდიდეს როლს ასრულებს.

ოლივიეს ბოლო 11 სანაკრებო მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი და მიმდინარე ევროპის პირველობაზეც ბრწყინავს: მის აქტივში 3 გოლი და 2 საგოლე პასია. შემთხვევითი არაა, რომ მომავალი მატჩის წინ, გერმანელთა კარის დარაჯმა მანუელ ნოიერმა ყველაზე მეტად ჟირუ გამოარჩია:

“ის მეტოქის საჯარიმოში ძალიან სახიფათოა. ჟირუ თავით ჩინებულად თამაშობს და ორთაბრძოლის მოგება ნებისმიერი ცენტრალური მცველისთვის შეუძლია. სხვა საქმეა, რომ ოლივიეს თამაშის სტილს კარგად ვიცნობთ და ყველაფრისთვის მზად ვართ. მხოლოდ ჟირუს დევნაში თვალთახედვის არედან სხვები არ უნდა გაგვექცნენ”.

ჟურნალისტების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშაა გერმანიის ნაკრების შემტევი ტომას მიულერიც, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატებზე რეგულარულად გააქვს, მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე კი ხუთ შეხვედრაში ვერცერთხელ შეაგდო.

“ცხადია, მთავარი გუნდის წარმატებაა, მაგრამ წინააღმდეგი ნამდვილად არ ვიქნები, თუკი თავის გამოჩენას მეც მოვახერხებ. ბოლო-ბოლო, ამ “მშრალი” სერიის შესახებ კითხვები მაინც შეწყდება. საფრანგეთი ნახევარფინალში იღბლის ხარჯზე ნამდვილად არ გასულა და ურთულესი მატჩი გველის. კარგი იქნება, თუკი თამაშის მეტოქის ნახევარზე გადატანას მოვახერხებთ”.

რამდენიმე საინტერესო სტატისტიკური დეტალიც. ევროპის ჩემპიონატების გასული 27 ნახევარფინალიდან 13-ში გამარჯვებული ძირითად დროში ვერ გამოვლინდა, ექვს შემთხვევაში კი პენალტების სერიის დანიშვნა გახდა საჭირო. გერმანიის ნაკრებს ჩემპიონატის მასპინძლების წინააღმდეგ ნახევარფინალში 4-ჯერ უთამაშია და ყველა შემთხვევაში გამარჯვებული გამოსულა. ამასთან, ისინი თავად დამარცხდნენ 1988 წელს გერმანიაში გამართულ ნახევარფინალში.

აი, ფრანგებს კი შინ ჩატარებულ დიდი საფეხბურთო ფორუმებზე დიდებული მაჩვენებელი აქვთ. მათ უკანასკნელი 17 მატჩიდან 15-ში იმარჯვეს და 2 ფრედ დაასრულეს. სწორედ ამის წყალობით, “სამფეროვნებმა” 1984 წლის ევროპის და 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატები მოიგეს.

დიდიე დეშამი: “საფრანგეთი და გერმანია დაახლოებით ერთი დონის გუნდები არიან. გერმანელები ყოველთვის ცდილობენ მეტოქეს თავისი თამაში მოახვიონ და აქცენტს ბურთის ფლობაზე აკეთებენ. ცხადია, დაცვაში ჩადგომას და შანსის მხოლოდ კონტრიერიშებზე ძიებას არ ვაპირებთ. საფრანგეთის ნაკრებმა ძლიერი მხარეები მაქსიმალურად კარგად უნდა გამოიყენოს. გერმანია მსოფლიოს ჩემპიონია და ევროპირველობის საწყის ხუთ მატჩშიც ჩინებული შთაბეჭდილება დატოვა. ჩვენს მხარეს ტრიბუნები იქნება და ქომაგთა მხარდაჭერა მართლაც ძალიან გვჭირდება”.

იოახიმ ლიოვი: “ასეთ მატჩებში მონაწილეობის მიღება ნამდვილი სიამოვნებაა. ერთმანეთის პირისპირ 2 უძლიერესი ნაკრები დადგება. ჩვენი გასული მეტოქეებისადმი პატივისცემის მიუხედავად, შემიძლია ვთქვა, რომ ტურნირზე უძლიერეს გუნდს ვეთამაშებით. ისინი შეტევაში ძალიან სახიფათონი არიან და ბევრი პრობლემის შექმნა შეუძლიათ. ყველაფერს ისიც დაუმატეთ, რომ ფაქტობრივად მთელი სტადიონი ჩვენს წინააღმდეგ იქნება. ქომაგებისგან წარმოუდგენელი ენერგია წამოვა. საფრანგეთის ნაკრების უკან მთელი ქვეყანა დადგება”.

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალი. “სტად ველოდრომი” (მარსელი). 23:00

გერმანია – საფრანგეთი

სავარაუდო შემადგენლობები:

გერმანია (4-2-3-1): ნოიერი, მუსტაფი, ბოატენგი, კიმიხი, ჰექტორი, მიულერი, კროოსი, დრაქსლერი, შვაინშტაიგერი, ოზილი, გიოტცე.

მწვრთნელი: იოახიმ ლიოვი.

საფრანგეთი (4-3-3): ლორისი, რამი, სანია, ევრა, კოშიელნი, მატუიდი, პოგბა, კანტე, გრიზმანი, ჟირუ, პაიეტი.

მწვრთნელი: დიდიე დეშამი.

მსაჯი: ნიკოლა რიცოლი (იტალია).



Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/worldsport/web/worldcup.worldsport.ge/public_html/pages/wsComments.php on line 55

Warning: mysql_connect(): Access denied for user 'admin_worldsport'@'localhost' (using password: YES) in /home/worldsport/web/worldcup.worldsport.ge/public_html/pages/wsComments.php on line 55
Cannot access MySQL Host