Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
შემტევი პოლონეთი წაუგებელი ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ
2016-06-12 10:30 | ნახვები: 2755
12345678910
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

პოლონეთის საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მესამედ ითამაშებს და ნავსის გატეხვის კარგი შანსი აქვს. საქმე ის გახლავთ, რომ პოლონელებს ევროპირველობაზე არცერთი მატჩი არ აქვთ მოგებული, ამჯერად კი, საწყის შეხვედრაში სრულიად მისაღები მეტოქე ჰყავთ – ჩრდილოეთ ირლანდია, რომელიც ევროპის პირველობაზე საერთოდაც პირველად მოხვდა.

პოლონურ-ირლანდიური დაპირისპირება სტარტს 1962 წელს იღებს, როდესაც გუნდები ერთმანეთს 1964 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ რაუნდში გადაეყარნენ და მაშინ ბრიტანელთა უპირატესობა აშკარა გახლდათ. ჩრდილოეთ ირლანდიამ ხოჟუვშიც და ბელფასტშიც იდენტური ანგარიშით (2:0) მოიგო, თუმცა, მაშინ საბოლოო მიზანს მაინც ვერ მიაღწია.

აღნიშნულ ნაკრებთა მომდევნო მატჩები უკვე მიმდინარე საუკუნეში შედგა და სასწორიც პოლონელთა მხარეს გადაიხარა. 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პოლონელებმა ბელფასტში მეტოქე ჟურავსკის, ვლოდარჩიკის და კჟინუვეკის გოლების წყალობით, 3:0 გაანადგურეს, ვარშავაში კი იმავე ჟურავსკის შედეგიანი დარტყმის წყალობით, 1:0 იმარჯვეს.

პოლონეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გზები ბოლოს 2006 წლის მუნდიალის შესარჩევ ციკლში გადაიკვეთა და ყველაზე შედეგიანი მატჩიც მაშინ შედგა. ბელფასტში გამართულ შეხვედრაში საგანოვსკიმ გოლი მსაჯის მიერ დამატებულ დროში შეაგდო, თუმცა, პოლონელებს ეს მხოლოდ ანგარიშში ჩამორჩენის შესამცირებლად ეყოთ – 2:3. პოლონელები ხოჟუვში გამართულ მატჩშიც აგებდნენ, მაგრამ მე-10 წუთზე ჰიუზმა ავტგოლი შეაგდო და ფრე დაფიქსირდა – 1:1.

უდავოა, რომ ძალთა დღევანდელი შეფარდებიდან გამომდინარე, ნიცაში დაგეგმილი მატჩის ფავორიტად პოლონეთი მოიაზრება. ადამ ნავალკას ნაკრებს შეტევაში გაცილებით დიდი პოტენციალი აქვს და შემთხვევითი არ ყოფილა, რომ შესარჩეც ციკლში 33 გოლით ყველაზე შედეგიანი გუნდი გახდა. ამ ფონზე პოლონელთა შემტევ დუეტზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. წინასწარი ინოფორმაციით, ნაკრების უმთავრეს ვარსკვლავ რობერტ ლევანდოვსკის არკადიუშ მილიკი შეუწყვილდება, რომელმაც შემედეგი კომენტარი გააკეთა:

“ფავორიტები ვართ? არა, არა და არა. მეტოქის შეუფასებლობაზე საუბარი ზედმეტიც კია. ჩვენ არც მსოფლიო ჩემპიონატი მოგვიგია და არც – ევროპის. საერთოდაც, ევროპირვეობაზე გამარჯვებაც კი არ გვაქვს. ამის გათვალისწინებით, რომელიმე მოწინააღმდეგესთან წინასწარ რამის დაგეგმვა სისულელე იქნებოდა. მესმის, რომ პოლონეთში ჩვენგან უფრო მეტის ხილვა სურთ, ვიდრე, უბრალოდ ფინალურ ეტაპზე თამაშია, თუმცა, წინ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ. ამდენად, ჩრდილოეთ ირლანდიასთან თამაშის იქით არაფერზე ვფიქრობ”.

თუკი პოლონელები თავს უხვგოლიანობით იწონებენ, დასაკვეხნი სხვა მხრივ აქვთ ბრიტანელებს. ევროპის ჩემპიონატის 24 მონაწილეს შორის წაუგებელი მატჩების მხრივ რეკორდსმენი სწორედ ჩრდილოეთ ირლანდია გახლავთ, რაც ნამდვილად მოულოდნელი ამბავია. მაიკლ ო’ნილის შეგირდებმა ბოლოს 5 ივნისს სლოვაკეთთან ითამაშეს და უგოლო ყაიმის წყალობით, წაუგებელი მატჩების რაოდენობა 12-მდე აიყვანეს.

საინტერესოა, რომ ირლანდიელების დაწევის შანსი ესპანეთს ჰქონდა, რომელსაც აქტივში 11 წაუგებელი თამაში ჰქონდა, თუმცა, საქართველოსთან 7 ივნისს გამართული შეხვედრა როგორ დასრულდა, ეს, ჩვენს, გულშემატკივარს კარგად უნდა მოეხსენებოდეს.

საინტერესოა, რომ სლოვაკეთთან ხსენებულ მატჩში ბრიტანელებს ერთბაშად 2 ფეხბურთელი – გარეტ მაკოლი და კრეიგ კეტკარტი დაუშავდათ, თუმცა, მათი ტრავმები სერიოზული არ გამოდგა, ისევე, როგორც, გუნდის წამყვანი ფორვარდის – კაილ ლაფერტისა, რომელმაც დაზიანება რამდენიმე დღის წინ ვარჯიშზე მიიღო.

წინასწარი ინფორმაციით, სასტარტო შემადგენლობაში იქნებიან ძმები – კორი და ჯონი ევანსები, რომლებიც ევროპირველობაზე წარმოდგენილი ძმების ოთხეულიდან ერთ-ერთნი არიან. შეგახსენებთ, რომ ბელგიის ღირსებას ჯორდან და რომელუ ლუკაკუები იცავენ, რუსეთის ნაკრებში ვასილი და ალექსეი ბერეზუცკები ირიცხებიან, ხოლო ტაულიანტ და გრანიტ ჯაკები, გუშინ, შესაბამისად, ალბანეთის და შვეიცარიის მაისურით გასარჯნენ.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კუთხით ევრო-2016-ზე ყველა დროის რეკორდიც დამყარდებოდა, ბელგიის ნაკრების მთავარ მწვრთნელს სხვაგვარი გადაწყვეტილება რომ მიეღო. მარკ ვილმოტსმა ედენ აზარს ნაკრების კაპიტნის სამკლავური კი ანდო, თუმცა, მისი ძმა ტორგანი განაცხადს მიღმა ბოლო წამს დატოვა.

აი, ჩრდილოირლანდიელთა ყოფილმა კაპიტანმა ნილ ლენონმა კი პროგნოზი სპეციალურად საბუქმეიქერო კანტორა “უილიამ ჰილისთვის” გააკეთა და თანამემამულეებს მოუწოდა, ჯგუფიდან მათ გასვლაზე “დადგნენ”, რაზეც საკმაოდ მსუყე კოეფიციენტია – 3.25.

“ჩვენ ჯგუფის აუტსაიდერად გვთვლიან, თუმცა, საკმაოდ დაბალანსებული შემადგენლობა გვყავს და საკუთრივ გუნდში ფანტასტიური ატმოსფეროა. არ დაგავიწყდეთ, რომ პლეი-ოფში გასვლისთვის, შესაძლოა, მე-3 ადგილის დაკავებაც გვეყოს, თუმცა, ჩრდილოეთ ირლანდიის მიზანი მე-2 პოზიციის დაკავებაა. პოლონეთის და უკრაინის უკან მოტოვება უტოპია სულაც არაა”, - აღნიშნა ლენონმა.

ადამ ნავალკა: “ჯგუფისთვის თვალის ერთი გადავლებით, შესაძლოა, ჩრდილოეთ ირლანდია ყველაზე სუსტ გუნდად მიიჩნიოთ, თუმცა, მხოლოდ იმ ფაქტის გახსენება, რომ მათ უკვე 12 მატჩია არ წაუგიათ, ბევრ რამეზე მეტყველებს. ასეთი დონის ტურნირებზე საწყისი შეხვედრის კარგად ჩატარებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. თუკი სამ ქულას ავიღებთ, ამით ჯგუფიდან გასვლას ძალიან გავიადვილებთ”.

მაიკლ ო’ნილი: “ქომაგთა უმეტესობისთვის ჩვენი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლაც კი მოულოდნელი იყო, თუმცა, ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ. ჯგუფური ეტაპის თავზე, შინ გამგზავრება 8 ნაკრებს მოუწევს და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ მათ შორის არ ვიქნებით. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ პოლონეთთან მატჩში ფავორიტები ვართ, თუმცა, ჩრდილოეთ ირლანდია არც აუტსაიდერის რანგში თამაშს აპირებს”.

2016 წლის ევროპის ჩემპიონატი. ჯგუფი. 12 ივნისი. 20:00

“ალიანს რივიერა” (ნიცა, საფრანგეთი), ტევადობა 35 624

პოლონეთი – ჩრდილოეთ ირლანდია

სავარაუდო შემადგენლობები

პოლონეთი (4-2-3-1): ფაბიანსკი, პაზდანი, ვავრჟინიაკი, გლიკი, პიშჩეკი, მილიკი, იოდლოვიეცი, ბლაშჩიკოვსკი, გროსიცკი, კრიხოვიაკი, ლევანდოვსკი.

მწვრთნელი: ადამ ნავალკა.

ჩრდილოეთ ირლანდია (4-3-2-1): კეროლი, მაკოლი, მაკლაფლინი, ჯ.ევანსი, ფერგუსონი, დევისი, კ.ევანსი, დალასი, ბეირდი, ნორვუდი, ლაფერტი.

მწვრთნელი: მაიკლ ო’ნილი.

მსაჯი: ოვიდიუ ჰაცეგანი (რუმინეთი).



Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/worldsport/web/worldcup.worldsport.ge/public_html/pages/wsComments.php on line 55

Warning: mysql_connect(): Access denied for user 'admin_worldsport'@'localhost' (using password: YES) in /home/worldsport/web/worldcup.worldsport.ge/public_html/pages/wsComments.php on line 55
Cannot access MySQL Host