Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ნამდვილი ფავორიტი მალული ფავორტის პირისპირ
2016-06-13 12:29 | ნახვები: 3769
123456789
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

დღეს ევროპის ჩემპიონატზე E ჯგუფის ბინადრებიც ჩაებმებიან. დღის ცენტრალური მატჩი ლიონში გაიმართება, სადაც ბელგიის ნაკრები იტალიას დაუპირისპირდება.

ორივე გუნდი ევროფორუმის ფავორიტად მიიჩნევა. ეს განსაკუთრებით ბელგიელებზე ითქმის. მარკ ვილმოტსის განკარგულებაში მართლაც ჩინებული შემადგენლობაა და სულაც არ იქნება გასაკვირი “წითელ ეშმაკთა” წარმატება. ანტონიო კონტეს იტალიას კი ბევრი კრიტიკოსი ჰყავს, თუმცა, მაინც იტალიაა და ამ ნაკრებისგან გამორიცხული არასდროს არაფერია.

ბელგიას იტალიის ნაკრები გასული წლის ნოემბერში ჰყავს დამარცხებული ოღონდ სპარინგ მატჩში. ისე კი, ოფიციალურ შეხვედრაში “სკუადრა აძურას” დამარცხება ბოლოს 1972 წელს, სამშობლოში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე შეძლო. ორივე გუნდი დღეს საბრძოლო შემადგენლობით მოახერხებს მინდორზე გასვლას. მარკ ვილმოტსიც და ანტონიო კონტეც წინასამატჩო პრესკონფერენციაზე მეტოქეზე მოწიწებით საუბრობდნენ. კონტეს თქმით, ბელგიის ნაკრებს სუსტი წერტილი თითქმის არ გააჩნია, ხოლო ვილმოტსმა აღნიშნა, რომ იტალია განსაკუთრებით სახიფათო მაშინაა, როდესაც პრობლემები გააჩნია.

სხვათა შორის, გარდა მწვრთნელებისა კომპლიმენტები ერთმანეთისადმი არც ფეხბურთელებს დაუშურებიათ. ბელგიელთა ლიდერმა ედენ აზარმა ჯანლუიჯი ბუფონის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ მას ძალიან დიდ პატივს სცემს. იქვე აღნიშნა, რომ სიამოვნებით ითამაშებდა მის მხარდამხარ. თავის მხრივ, ბუფონს აზარის კომენტარი უყურადღებოდ არ დაუტოვებია და დიდი მადლობაც მოახსენა. მოკლედ, თამაშამდე მოწინააღმდეგები ერთმანეთზე მშვენივრად საუბრობენ და ვნახოთ, რა იქნება უშუალოდ მოედანზე.

რაც შეეხება ბოლო დროინდელ მატჩებს – უკანასკნელ ხუთ მატჩში ბელგიის ნაკრებმა 3 მოიგო, 1 ფრედ ითამაშა, ხოლო ერთიც წააგო პორტუგალიასთან მარტის თვეში. “სკუადრა აძურამ” კი, 2-ჯერ იმარჯვა, ამდენჯერვე წააგო და ერთხელაც ფრეს გამორჩა. აღსანიშნავია, რომ ორივე გამარჯვების მოპოვება კონტეს გუნდმა ახლახან, უშუალოდ ევროფორუმის მოსამზადებელ ეტაპზე მოახერხა – შოტლანდიასთან და ფინეთთან.

მარკ ვილმოტსი (ბელგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “იტალია ახლაც სახიფათოა, მიუხედავად იმისა, რომ პრობლემები გააჩნია. მას ჰყავს მებრძოლი ფეხბურთელები და მწვრთნელი. იტალიის ნაკრებს დიდ პატივს ვცემთ. მათი მხარდამჭერი სტადიონზე 15, 18 ათასი ადამიანი იქნება და ეს კიდევ უფრო გაგვირთულებს საქმეს. კონტეს გუნდი განსაკუთრებით ძლიერი დაცვაშია, მაგრამ ნახევარდაცვაც არ უნდა დავივიწყოთ, რადგან შეუძლიათ, შეტევის სხვადასხგვარად წარმართვა.

რაც შეეხება ჩემს გუნდს – ტომას ვერმაელენს თამაში რა თქმა უნდა, შეუძლია. მისი ერთადერთი პრობლემა მცირე ტრავმა იყო, მაგრამ საკმაოდ დაისვენა. მას და იან ვერტონგენს ინგლისში დიდი გამოცდილება გააჩნიათ და იციან ერთად როგორ ითამაშონ. შემადგენლობის შესახებ მეტს ახლა ვერაფერს გეტყვით. ასეთი გუნდით ამბიციურები უნდა ვიყოთ”.

ანტონიო კონტე (იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “ბელგიის დაცვა სუსტია? – “ჩელსის” მეკარე, “ბარსელონასა” და “ტოტენჰემის” მცველები... ეს ის გუნდია, რომელსაც სუსტი წერტილი ძალიან ცოტა გააჩნია. ამაზე საუბარი შეგვიძლია ახლაც და მომავალშიც. დაცვის სისუსტეზე საუბარი თქვენი, ჟურნალისტების მოგონილია. მე ვფიქრობ, მათი დაცვა ძალიან გამოცდილია.

ძირითადი შემადგენლობა? – ამას დღეს 23:00 საათზე შეიტყობთ. მოედანზე 46 მებრძოლი იქნება, თითო გუნდიდან – 23. ჩემმა ფეხბურთელებმა ბევრი იბრძოლეს და ძირითადში თამაშს ყველა იმსახურებს, მაგრამ თავით უნდა ვიმოქმედოთ, რადგან ბელგია ფავორიტებს შორისაა”.

სავარაუდო შემადგენლობა:

13 ივნისი, 23:00 საათი

ლიონი, “სტად დე ლიონი”

ბელგია (4-2-3-1): კურტუა; ალდერვეიელდი, დენაიერი, ვერმაელენი, ვერტონგენი; ნაინგოლანი, ვიტსელი; მერტენსი, დე ბრუინი, აზარი; ლუკაკუ

მწვრთნელი: მარკ ვილმოტსი

იტალია (3-5-2): ბუფონი; ბარძალი, ბონუჩი, კიელინი; კანდრევა, პაროლო, დე როსი, ჯაკერინი, დარმიანი; ედერი, პელე

მწვრთნელი: ანტონიო კონტე

მსაჯი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი)

პრეცედენტი

აქამდე ეს ორი ნაკრები ერთმანეთს 21-ჯერ დაუპირისპირდა. უპირატესობას “სკუადრა აძურა” ფლობს, თანაც საგრძნობს – 13 მოგება, 4 ფრე, 4 წაგება.

2008 წლის მაისის შემდეგ ბელგია და იტალია ერთმანეთს 2015 წლის ნოემბერში შეხვდნენ და “წითელმა ეშმაკებმა” 3:1 გაიმარჯვეს. მაშინ გოლები იან ვერტონგენმა, კევინ დე ბრუინმა, მიჩი ბატშუაიმ და ანტონიო კანდრევამ გაიტანეს. 2008 წელს, კი ასეთივე ანგარიშით იტალიელებმა იმარჯვეს.

ბელგიას იტალია ოფიციალურ მატჩში ერთადერთხელ, 1972 წელს დაუმარცხებია. მაშინ, ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში მასპინძლებმა 2:1 მოიგეს და რადგან პირველი თამაში მილანში 0:0 დასრულებულიყო ფინალურ ოთხეულში ბელგია მოხვდა.

“წითელი ეშმაკები” და “სკუადრა აძურა” ევროპის ჩემპიონატზე 1980 და 2000 წელსაც დაუპირისპირდნენ. 1980-ში ტურინში გოლი არ გასულა, ხოლო ოცი წლის მერე, ბრიუსელში იტალიამ ფრანჩესკო ტოტისა და სტეფანო ფიორეს გოლებით მოიგო. სხვათა შორის, ამ შეხვედრაში მოედანზე იყვნენ მარკ ვილმოტსი და ანტონიო კონტე.

1999 წელს, ლეჩეში ბელგიამ მეტოქეს 3:1 აჯობა ამხანაგურ შეხვედრაში. ერთი გოლი კი მარკ ვილმოტსმა გაიტანა, იტალიელთა კარს კი, მაშინაც ჯანლუიჯი ბუფონი იცავდა.

ევრო სტატისტიკა - ბელგია

ბელგიამ აქამდე ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ხუთჯერ ითამაშა. ბოლოს ეს 2000 წელს იყო, როცა ჰოლანდიასთან ერთად ტურნირს უმასპინძლა.

საუკეთესო შედეგი 1980 წელს აჩვენა, როცა ფინალი ფრს-თან წააგო რომში.

გასულ სეზონში ბელგიის ჩემპიონმა “გენტმა” ლიონის სტადიონზე გამარჯვება მოიპოვა.

ევრო სტატისტიკა – იტალია

იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მეცხრედ თამაშობს. მათ შორის ზედიზედ მეექვსედ მას მერე, რაც 1992 წელს შვედეთში ვერ მოხვდა.

“სკუადრა აძურამ” აქამდე ტურნირის მოგება ერთადერთხელ 1968 წელს შეძლო, ხოლო 2000 და 2012 წლებში ფინალში წააგო.

იტალიის ნაკრები ოთხ ნაკრებს შორის ერთ-ერთია, რომელმაც საკვალიფიკაციო წაუგებლად გაიარა (7 მოგება, 3 ფრე). მის გარდა იგივე შედეგი აჩვენეს ინგლისმა, ავსტრიამ და რუმინეთმა. სხვათა შორის, იტალიას შესარჩევ ტურნირში უკვე 30 მატჩია არ წაუგია.

სამაგიეროდ, იტალიის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩი 2000 წლის მერე არ მოუგია, როდესაც თურქეთს 2:1 აჯობა. მას მერე, 2004 წელს დანიას დაუზავდა, 2008 წელს ჰოლანდიასთან წააგო, ხოლო ოთხი წლის წინ ესპანეთთან 1:1 ითამაშა.

“სკუადრა აძურას” თავის ისტორიაში მხოლოდ ერთხელ უთამაშია ლიონში. 1997 წელს ბრაზილიის წინააღმდეგ – 3:3.

ფეხბურთელები

დრის მერტენსი და ლორენცო ინსინიე თანაგუნდელები “ნაპოლიში”.

რაჯა ნაინგოლანი და დანიელე დე როსი, ალესანდრო ფლორენცი თანაგუნდელები “რომაში”.




Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/worldsport/web/worldcup.worldsport.ge/public_html/pages/wsComments.php on line 55

Warning: mysql_connect(): Access denied for user 'admin_worldsport'@'localhost' (using password: YES) in /home/worldsport/web/worldcup.worldsport.ge/public_html/pages/wsComments.php on line 55
Cannot access MySQL Host