Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
იტალია წარსულის პირისპირ
2016-06-17 11:29 | ნახვები: 2805
1234567
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზე დღის პირველი მატჩი ტულუზაში გაიმართება - იტალიის ნაკრები შვედეთს დაუპირისპირდება. პირველ ტურში ანტონიო კონტეს გუნდმა საფეხბურთო სამყარო შეიძლება ითქვას, გააოცა ისეთი თამაში აჩვენა და ბელგიის ფავორტად შერაცხულ ნაკრებს ორბურთიანი სხვაობით აჯობა. შვედეთმა კი ირლანდიასთან მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა, მაგრამ სკანდინავიელებს განსაკუთრებული ფეხბურთი არ უთამაშიათ და დღეს იტალიელთა წინააღმდეგ ბევრად უკეთ გარჯა მართებთ.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ორივე გუნდის თავკაცმა ისაუბრა. კონტეს განცხადებით, მის ნაკრებს ჯერ არაფერი გაუკეთებია და მხოლოდ ერთი მატჩი მოიგო, ხოლო ერიკ ჰამრენმა მეტოქეს ნახევარდაცვაში სივრცეები არ უნდა მივცეთო. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ბელგიასთან ბრწყინვალე გამარჯვებისა, კონტე დღესაც იგივე თერთმეტეულის გამოყვანას არ გეგმავს. კერძოდ, მატეო დარმიანისა და მარკო პაროლოს ადგილებს მატია დე შილიო და ალესანდრო ფლორენცი დაიკავებენ. წინა მატჩთან შედარებით ცვლილებები იქნება ჰამრენის მხრიდანაც, ერთი იძულებითი – ტრავმირებულ მიქაელ ლუსტიგს ერიკ იოჰანსონი ჩაანაცვლებს, ხოლო შეტევაში ზლატან იბრაჰიმოვიჩს ამჯერად ჯონ გუიდეტი შეუწყვილდება და არა მარკუს ბერგი, როგორც ეს ირლანდიასთან მატჩში იყო.

რაც შეეხება წარსულს – ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ეს ნაკრებები აქამდე ორჯერ დაუპირისპირდნენ. 2000 წელს “სკუადრა აძურამ” 2:1 მოიგო, ხოლო ოთხი წლის თავზე ფრე, 1:1 დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ იმ მატჩში 85-ე წუთზე წონასწორობა ულამაზესი გოლით ზლატან იბრაჰიმოვიჩმა აღადგინა, კარს კი მაშინაც ჯიჯი ბუფონი იცავდა. პრესკონფერენციაზე, ჯიჯის ამის თაობაზე დაეკითხნენ, რაზეც ლეგენდარულმა კიპერმა მახვილგონივრულად უპასუხა: “იმ დროს ზლატანი ჯერ კიდევ ამომავალი ვარსკვლავი იყო და არავინ იცოდა, რა გამოვიდოდა მისგან. ახლა კი ყველამ ვიცით, რამდენი და როგორი გოლების გატანა შეუძლია. ასე რომ, სიურპრიზი ახლა არაფერი იქნება”. – გამოსარჩევია, რომ მაშინდელი ფრე იტალიელებს ძვირად დაუჯდათ და საბოლოოდ ჯგუფშიც ჩარჩნენ. მოკლედ, ახლა “აძურას” რევანში მართებს.

სხვათა შორის, იტალია და შვედეთი ბოლოს 2009 წელს, ჩეზენაში ამხანაგურად დაუპირისპირდნენ და სწორედ იმ მატჩში ჰქონდა დებიუტი შვედთა თავკაცის პოსტზე ერიკ ჰამრენს. უშუალოდ თამაში კი, მასპინძლებმა ჯორჯო კიელინის გოლით მოიგეს, რომელიც დღესაც მოედანზე იქნება.

იტალიის ნაკრებს ბოლო სამი თამაში მოგებული აქვს და თან ისე, რომ გოლიც არ გაუშვია, ხოლო შვედეთს ამ მხრივ ცუდი სტატისტიკა აქვს: ერთადერთი მოგება და ორი მარცხი.

ანტონიო კონტე (იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “ჯერ მხოლოდ ერთი თამაში ვითამაშეთ და გზის ნახევარიც კი არ გაგვივლია, ამიტომაც ენერგია სწორად უნდა გავანაწილოთ. შემადგენლობა ჯერ არ ვიცი როგორი იქნება, ფეხბურთელებს უნდა დაველაპარაკო, ვარჯიშები შევაჯამო. თუმცა კიდევ ვიმეორებ, რომ ერთი თამაში ჩავატარეთ მხოლოდ და არ ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება.

გრაციანო პელე ძალიან კარგი თავდამსხმელია. მისით კმაყოფილი ვარ. პელესთვის უცხოეთში წასვლა ნამდვილი გამოწვევა იყო და მან ეს ჩინებულად მიიღო. რაც შეეხება მეტოქეს – ძლიერი გუნდია, რომელსაც მხოლოდ ზლატანი არ ჰყავს. გამოვარჩევდი ფორსბერგს, გუიდეტს, ბერგს. ისინი მეორე სართულზეც კარგად თამაშობენ. რა თქმა უნდა, იბრაჰიმოვიჩის შეჩერება პრობლემა იქნება, თუმცა არ შეუძლებელი.

აქცენტი მარტო ჩვენს პლუსებზე არ უნდა გავაკეთოთ, არამედ მეტოქის სუსტი წერტილები უნდა გამოვიყენოთ”.

ერიკ ჰამრენი (შვედეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): იტალია ცენტრიდან სახიფათოა და ამიტომ მოედნის ეს ნაწილი მაქსიმალურად უნდა შევუზღუდოთ. ბელგიასთან შედარებით უფრო გუნდურად უნდა ვიმოქმედოთ. მათ სამი უძლიერესი ცენტრალური მცველი ჰყავთ, რომლებიც ხელს შეგვიშლიან. დღევანდელ მატჩში ჩაწოდებებს ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება.

მხოლოდ ორი ცენტრალური ნახევარმცველი? – ალბათ, თქვენ ფიქრობთ, რომ ისინი თავს ვერ გაართმევენ დაკისრებულ მოვალეობას, მაგრამ ვიმეორებ, გუნდურად უნდა ვითამაშოთ და დავიჭიროთ მათი ნახევარმცველები. პირველი თამაშის შემდეგ იმედგაცრუება მხოლოდ 24 საათი გრძელდებოდა და მერე დავიწყეთ მუშაობა.

დაპირისპირება ზლატანთან? – ჩვენ არ ვართ სხვადასხვა მხარეს”.

სავარაუდო შემადგენლობები

იტალია – შვედეთი

ტულუზა, “სტად დე ტულუზა”

17 ივნისი, 17:00 საათი

იტალია (3-5-2): ბუფონი; ბარძალი, ბონუჩი, კიელინი; კანდრევა, ფლორენცი, დე როსი, ჯაკერინი, დე შილიო; ედერი, პელე

მწვრთნელი: ანტონიო კონტე

შვედეთი (4-4-2): ისაკსონი; ლინდელოფი, იოჰანსონი, გრანქვისტი, ოლსონი; ლარსონი, ეკდალი, კალსტრომი, ფორსბერგი; გუიდეტი, იბრაჰიმოვიჩი

მწვრთნელი: ერიკ ჰამრენი

მსაჯი: ვიქტო კაშაი (უნგრეთი)



Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/worldsport/web/worldcup.worldsport.ge/public_html/pages/wsComments.php on line 55

Warning: mysql_connect(): Access denied for user 'admin_worldsport'@'localhost' (using password: YES) in /home/worldsport/web/worldcup.worldsport.ge/public_html/pages/wsComments.php on line 55
Cannot access MySQL Host