Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
უელსის ფეერიული საღამო
2016-07-02 01:50 | ნახვები: 4475
12345678
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

ისლანდიიდან უელსზე უნდა გადავინაცვლოთ: პატარა ქვეყნები ამ ევროპის ჩემპიონატზე მართლაც გვაოცებენ. ისლანდია ჯერ არ ვიცით, გავა თუ არა ნახევარფინალში, აი, კრის კოულმენის გაწვრთნილები კი უკვე ოთხეულში არიან.

უელსი აშკარად აუტსაიდერი იყო ბელგიასთან, მაგრამ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მთავარი არა სახელები და სატრანსფერო ფასები, არამედ გუნდურად სწორი თამაში და მწვრთნელის გონიერებაა.

კოულმენი რომ მარკ ვილმოტსზე ძლიერი სპეციალისტია, აქამდეც ეჭვი ცოტას თუ ეპარებოდა, დღეს კი, უბრალოდ, 10:0 მოუგო! უელსს, როგორც არცერთ ბრიტანულ ნაკრებს, ისე ეტყობა გუნდური სინქრონი და მებრძოლი სული.

ბელგია ამ მატჩამდე ერთ-ერთ ყველაზე სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობდა და ასე იყო დღესაც, ორივე ტაიმის საწყისი 10 წუთი რომ ავიღოთ, მაგრამ ამ 10 წუთის მერე კიდევ 35-35 წუთია დრო. ბელგიას არ ჰყავდა ვერტონგენი და ვერმაელენი, მათი შემცვლელების თამაშმა კი (თუ ამას თამაში ერქვა) ვერავითარ კრიტიკას ვერ გაუძლო.

თამაში თავიდანვე თვალსასეიროდ დაიწყო და გოლიც შესაბამისი გავიდა: რაჯა ნაინგოლანმა შორიდან ცხრიანში ჩააჭედა ბურთი. მალევე, ტინო კურტუამ გადაარჩინა თავისიანები, თუმცა 31-ე წუთზე ეს უკვე ვეღარ შესძლო: აარონ რემზის კუთხური, ეშლი ვილიამსის თავური და ძელთან მდგომი კევინ დე ბრუინი უძლური გამოდგა - 1:1.

ტაიმის ბოლო 15 წუთი უელსელთა სრული უპირატესობით მინდინარეობდა და ბელგია ერთი-ორჯერ გადარჩა, თუმცა მეორე ტაიმში უკვე ვერაფერს გახდა. არადა, მეორე ნახევარი ბენილუქსელთა აქტიურობით დაიწყო, ედენ აზარის გაჩერება უკვე ჭირდა.

და ამ დროს უელსელთა ფორვარდმა რობსონ-კანუმ დიდებული გოლი მოიგონა: საჯარიმოში მიიღო ბურთი, ზურგით მდგომი უცებ შემოტრიალდა და ცრუ მოძრაობით მუნიე-ალდერვაირელდი ხომ პირღია დატოვა, ცალკე ჯორდან ლუკაკუც დააბნია და კურტუას ზუსტად დაურტყა - 2:1. დიდებული შესრულება იყო.

ბელგია კარგა ხანს კიდევ ვერ მოვიდა გონზე. კომბინაციური თამაშიდან რომ ვერაფერი გამოუვიდა, მაღალ ჩაწოდებებზე გადავიდა, იქ კი ლუკაკუ და მარუან ფელაინი ვერ სჯობდნენ ბრიტანელებს. საერთოდ, გაუგებარი იყო, ვილმოტსმა კარასკო რატომ შეცვალა ფელაინით...

ბოლოს უკვე შტურმის სახე მიიღო ბელგიელთა შეტევებმა, თუმცა ასპროცენტიან მომენტამდე საქმე არ მიდიოდა. უელსელებს ერთი წამითაც კი არ დაუკარგავთ კონცენტრაცია. 86-ე წუთზე კი ყველაფერი დასრულდა: შეცვლაზე შესულმა ვოუქსმა (ესეც კოულმენის კიდევ ერთი დიდი პლუსი) თავურით გაუტანა კურტუას და 3:1.

უელსმა უდავოდ დაიმსახურა მოგება და ისე, რემზიც იმსახურებს პორტუგალიასთან ნახევარფინალში თამაშს, მაგრამ ოქმი ოქმია - ყვითელი ბარათების გამო გამოტოვებს. მის გარდა, მცველი დევისიც დააკლდებათ ბრიტანელებს.

ველით რონალდუ-ბეილის დაპირისპირებას, თუმცა ამ ჩემპიონატზე დამტკიცდა, რომ ერთი კონკრეტული ფეხბურთელი ვერაფერს წყვეტს, თუ გუნდს არ მისდის თამაში. არც რონალდუს და არც ბეილს ფლეი-ოფში არ გაუტანიათ, მაგრამ მათი გუნდები ნახევარფინალში არიან.

უელსი-ბელგია 3:1 (1:1)

უელსი: ჰენესი, ჩესტერი, ვილიამსი, დევისი, ტეილორი, განტერი, ლედლი (კინგი 78), ალენი, რემზი (კოლინზი 90), ბეილი, რობსონ-კანუ (ვოუქსი 80)

მწვრთნელი: კრის კოულმენი

ბელგია: კურტუა, მუნიე, ალდერვაირელდი, დენაიერი, ჯ.ლუკაკუ (მერტენსი 75), ვიტცელი, ნაინგოლანი, დე ბრუინი, აზარი, კარასკო (ფელაინი 46), რ.ლუკაკუ (ბატშუაი 83)

მწვრთნელი: მარკ ვილმოტსი

გოლები: 0:1 ნაინგოლანი (13), 1:1 ვილიამსი (31), 2:1 რობსონ-კანუ (55), 3:1 ვოუქსი (86)

გაფრთხილება: დევისი (5), ჩესტერი (16), განტერი (25), ფელაინი (59), რემზი (75), ალდერვაირელდი (85)

მსაჯი: სკომინა (სლოვენია)

ბურთის ფლობა %: 48-52, დარტყმა: 15 (7) - 14 (4), კუთხურები: 7-8, თამაშგარე:1-1, ჯარიმა: 11-8, სეივი: 3-4



Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/worldsport/web/worldcup.worldsport.ge/public_html/pages/wsComments.php on line 55

Warning: mysql_connect(): Access denied for user 'admin_worldsport'@'localhost' (using password: YES) in /home/worldsport/web/worldcup.worldsport.ge/public_html/pages/wsComments.php on line 55
Cannot access MySQL Host