Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
"As armas! As armas" - რონალდუც ბედნიერია და მთელი პორტუგალიაც
2016-07-07 01:50 | ნახვები: 4522
123456
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

"As armas! As armas! sobre a terra, sobre a mar" - "იარაღისკენ! იარაღისკენ! როგორც ზღვაზე, ასევე ხმელეთზე": ეს სიტყვებია პორტუგალიის ჰიმნში და ამ ქვეყნის ნაკრებიც ყველა მის ხელთ არსებულ იარაღს იყენებს ამ ევროპის ჩემპიონატზე.

“სწორედ ეს გვინდოდა ჩემპიონატის დაწყების წინ. ჩვენ ფინალში ვართ და მიხარია, რომ გოლიც გავიტანე. იმედია, 10 ივლისის საღამოს ჩემს სახეზე ცრემლს თუ დაინახავთ, ეს სიხარულის ცრემლი იქნება. ყოველთვის მსურდა, რაღაც განსაკუთრებული გამეკეთებინა პორტუგალიისთვის” - მიხვდებოდით, ვისი სიტყვებიცაა...

რონალდუ! მისი ასეთი თავური არაერთხელ გვინახავს და აი, კიდევ ერთი – უელსელი ჩესტერი ქვემოდან შეჰყურებდა... მერე კი ისევ რონალდუმ საჯარიმოს გარედან დაარტყა, ნანიმ კი ვარდნაში მიმართულება შეუცვალა და 2:0.

კლასი, გამოცდილება, ტაქტიკური თამაში – პორტუგალიამ ყველაფრით აჯობა უელსს და ისტორიაში მეორედ გავიდა ევროპის ჩემპიონატის ფინალში. მაშინ, 2004 წელს შინ თამაშობდნენ და საბერძნეთთან უდავო ფავორიტები იყვნენ, მაგრამ წააგეს.

10 ივლისს კი, პარიზში ფავორიტის სტატუსი აღარ ექნებათ, თუმცა ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია ნაკრებისთვის, რომელსაც ჰყავს კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც ტაქტიკურად გამართულია და რომელსაც იღბალიც აქვს. არა, უელსთან თამაშისას იღბალი არაფერ შუაში ყოფილა, მაგრამ წინა შეხვედრებში ბეწვის ხიდზე გაიარეს, ჯგუფიდანაც კი ძლივს გავიდნენ.

უელსი ნახევარფინალისტობითაც ამაყია და ვინ იცის, სულ სხვა თამაში გვენახა, აარონ რემზის დისკვალიფიკაცია რომ არა. ამას გარდა, ჯო ალენი მატჩის დასაწყისშივე გააფრთხილეს, მოედნის ცენტრში მოძრავი მუშა ფეხბურთელისთვის კი ეს ორმაგად ცუდია, რადგან დარჩენილი დრო ჯარიმის ზღვარზე თამაშსაც კი უნდა მოერიდოს და აბა, როგორია?! ასეც მოხდა, თუმცა ალენმა თავის თავს დააბრალოს, თავიდანვე ორჯერ რომ იუხეშა.

უელსს პორტუგალიასავით არჩევანი როდი აქვს. რემზის არყოფნა მაგრად დაეტყო, აი, ლუზიტანელებს კი პეპეს მოსაკლისება არც დასტყობიათ – ბრუნო ალვეშმა მშვენივრად შეცვალა.

გარეთ ბეილი? არ წაუვიდა თამაში, მხოლოდ ორჯერ მოხვდა “ეპიცენტრში”: პირველ ტაიმში თავისი ნახევრიდან წაიღო ბურთი, საჯარიმოს მიახლოებულმა დაარტყა და მეკარე რუი პატრისიოს ნახტომი არ დასჭირვებია. მეორედ კი საჯარიმო შეასრულა თავისებურად და მეკარე არ მოტყუვდა.

საერთოდ, პირველ ნახევარში გუნდები ძალიან ფრთხილობდნენ, შესვენების მერე კი პორტუგალიამ შეუტია და სამწუთიან მონაკვეთში ორჯერ გაიტანა. კრიშტიანუს მეცხრე გოლი ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში. ამ მაჩვენებლით ფრანგ მიშელ პლატინის გაუთანაბრდა, ეგაა, პლატინიმ 9 გოლის გატანა ერთ ჩემპიონატზე მოახერხა (თანაც 5 მატჩში), რონალდუ კი მეოთხე ევროპას ატარებს.

რა ხდებოდა ნანის მეორე გოლის შემდეგ? კრის კოულმენმა სცადა შეტევის გაძლიერება, თავდამსხმელები შემოიყვანა, მაგრამ როცა ძალა და კლასი საკმარისი არაა...

ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალი. 6 ივლისი. 23:00. ლიონი. სტად დე ლიონი. 55 679 მაყურებელი

პორტუგალია-უელსი 2:0 (0:0)

პორტუგალია: რუი პატრისიუ, სედრიკი, რიკარდუ ბრუნო ალვეში, ფონტე, რაფაელი, დანილო, ჟოაო მარიო, ადრიენ სილვა (მოუტინიუ 79), რენატო სანჩესი (ანდრე გომეში 74), ნანი (კვარეჟმა 86), რონალდუ

მწვრთნელი: ფერნანდუ სანტუში

უელსი: ჰენესი, ჩესტერი, ე.ვილიამსი, კოლინზი (ჯ.ვილიამსი 66), განტერი, ტეილორი, კინგი, ალენი, ლედლი (ვოუქსი 58), ბეილი, რობსონ-კანუ (ჩარჩი 63)

მწვრთნელი: კრის კოულმენი

გოლები: 1:0 რონალდუ (50), 2:0 ნანი (53)

გაფრთხილება: ალენი (8), ჩესტერი (62), ბრუნო ალვეში (71), რონალდუ (72), ბეილი (88)

მსაჯი: ერიქსონი (შვედეთი)

ბურთის ფლობა %: 46-54, დარტყმა: 16 (5)- 9 (3), კუთხური: 6-2, თამაშგარე: 0-0, სეივი: 3-3, ჯარიმა: 10-12



Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/worldsport/web/worldcup.worldsport.ge/public_html/pages/wsComments.php on line 55

Warning: mysql_connect(): Access denied for user 'admin_worldsport'@'localhost' (using password: YES) in /home/worldsport/web/worldcup.worldsport.ge/public_html/pages/wsComments.php on line 55
Cannot access MySQL Host