Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
გრიზმანის დუბლით საფრანგეთი ფინალშია!
2016-07-08 01:29 | ნახვები: 4705
123456789101112131415161718
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძელმა საფრანგეთის ნაკრებმა მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ გერმანიას 2:0 სძლია და სანუკვარ ტიტულამდე ერთი ნაბიჯიღა აშორებს. დიდიე დეშამის გუნდს ბოლო წინაღობა 10 ივლისს ელით, როდესაც პარიზულ “სტად დე ფრანსეზე” კრიშტიანუ რონალდუს პორტუგალიას დაუხვდება.

“სამფეროვნებს” ყველაზე რთული გამოცდა ნახევარფინალში ჰქონდათ და მას ღირსეულად გაუმკლავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ, გერმანელებმა არანაკლები საგოლე მომენტები შექმნეს, მასპინძლებმა თავიანთი შანსები უკეთ გამოიყენეს და მარსელის “სტად ველოდრომი” აღტაცებაში მოიყვანეს.

შეხვედრის გმირი მადრიდის “ატლეტიკოს” 25 წლის შემტევი ანტუან გრიზმანი გახდა, რომელმაც დუბლის შესრულება მოახერხა და ცხადია, მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც აღიარეს. ანგარიში პირველი ტაიმის ბოლო წუთზე გაიხსნა, როდესაც ფრანგებმა კუთხურის შესრულების უფლება მიიღეს. თითქოს უხიფათო მომენტი იყო, მაგრამ ბასტიან შვაინშტაიგერი პატრის ევრასთან ორთაბრძოლისას ბურთზე ხელგაშლილი წავიდა, მსაჯმა ბურთთან მისი კონტაქტი დააფიქსირა და პენალტის ნიშნულისკენ მიუთითა.

არადა, ბასტიანისთვის გასული მატჩი ერთგვარად ისტორიული გახლდათ. 31 წლის ფეხბურთელმა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე 38-ე თამაში ჩაატარა და ამის წყალობით, თანამემამულე მიროსლავ კლოზეს გაასწრო. საინტერესოა, რომ ამ მხრივ, მოწინავე ხუთეულში კიდევ 2 გერმანელია. შვაინშტაიგერს და კლოზეს კვალში ლოტარ მათეუსი (36), იტალიელი პაოლო მალდინი (36) და ფილიპ ლამი (34) მოდიან.

გერმანელებმა აღნიშნული მომენტი ბევრი აპროტესტეს, ბასტიანმა და მესუტ ოზილმა ყვითელი ბარათებიც მიიღეს, თუმცა, ცხადია, ნიკოლა რიცოლის გადაწყვეტილება აღარ შეუცვლია. 11-მეტრიანის შესრულება ტურნირის საუკეთესო ბომბარდირმა გრიზმანმა ითავა და მანუელ ნოიერის მოტყუება არ გასჭირვებია. გოლი და პირველი ტაიმის დასრულება ერთი იყო.

საწყის ნახევარში საინტერესო მომენტები სხვაც ბევრი იყო. გუნდები შეტევაში თამამად მიდიოდნენ და როგორც მანუელ ნოიერს, ისევე უგო ლორისს თამაშში ჩართვა ხშირ-ხშირად უხდებოდა. უკვე მე-7 წუთზე ბლეზ მატუიდის და იმავე გრიზმანის კომბინაცია ამ უკანასკნელის დარტყმით დასრულდა და გერმანელთა მეკარემ ბურთი სასწაულებრივ მოიგერია. ერთი სუპერსეივი ლორისსაც ჰქონდა, როდესაც საჯარიმოს ფარგლებიდან ტომას მიულერის დარტყმულს თვალი ბოლო წამსღა შეავლო და ბურთის ზედ კუთხიდან “გამოაძრო”.

ფრანგთა კარის დარაჯი შვაინშტაიგერის შორეულ დარტყმულსაც გაუმკლავდა და იგივეთი ნოიერიც გახლდათ დაკავებული. მასპინძლებმა დაახლოებით ერთსა და იმავე ადგილას, სტუმართა კარიდან 30-ოდე მეტრში დანიშნული საჯარიმოები კარგად შეასრულეს, თუმცა, როგორც გრიზმანის, ასევე პოლ პოგბას დარტყმულებს მანუელი ადგილზე დაუხვდა. საერთო ჯამში, გერმანელთა უპირატესობა თვალსაჩინო იყო, ისინი ფაქტობრივად ყველა სტატისტიკურ მაჩვენებელში ლიდერობდნენ, თუმცა, პირველი ტაიმის ბოლოს შვაინშტაიგერის გაუაზრებელმა საქციელმა, ბუნდესგუნდი შესვენებაზე მდევრის როლში გაუშვა.

აი, მე-2 ტაიმში კი მინდორზე ვითარება შეიცვალა. ფრანგები მსოფლიო ჩემპიონებს ისე ლაღად და თავისუფლად მოქმედების საშუალებას აღარ აძლევდნენ. ამან შედეგი 72-ე წუთზე გამოიღო: ბენედიკტ ჰიოვედესის უხეირო პასი პოლ პოგბამ ჩაჭრა, ფლანგზე შკოდრან მუსტაფი ერთი მოძრაობით გააბითურა და საჯარიმოში ჩაჰკიდა. ნოიერმა ყველას დაასწრო, თუმცა, ბურთი უხეიროდ მოიგერია და გრიზმანმა დაუცველ კარში ერთი მოძრაობით შეაგდო – 2:0.

შედეგად, ერთ ჩემპიონატზე გატანილი გოლების რაოდენობით, ანტუანმა მე-2 ადგილზე გადაინაცვლა. მას 6 გოლი მოუგროვდა და უკან მილან ბაროში, მარკო ვან ბასტენი, ალან შირერი, სავო მილოშევიჩი და პატრიკ კლუივერტი მოიტოვა. ამ მხრივ, ყველა დროის რეკორდსმენად ლეგენდარული ფრანგი მიშელ პლატინი ითვლება, რომელმაც 1984 წელს შინაურ კედლებში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ხუთ მატჩში 9 გოლი შეაგდო.

მე-2 გოლმა გერმანელები უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო. ისინი წინ დიდი ძალებით წავიდნენ და ცოტა რომ გამართლებოდათ, წონასწორობის აღდგენა უტოპიად ნამდვილად არ მოსჩანდა. ჯერ მარტო ჯოშუა კიმიხის შეტევა რად ღირს, როდესაც მან მარჯვენა ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწია და მოჭრილი დარტყმით ბურთი ძელს აძგერა. იქვე დრაქსლერმა კარს ოდნავ ააცილა, ჰექტორმა ხელსაყრელი პოზიციიდან უხეიროდ დაარტყა, ჰიოვედესის თავური კი ხარიხას ოდნაც გადასცდა. უკვე მსაჯის მიერ დამატებული მე-3 წუთი მიდიოდა, როდესაც ლიოვის ბიჭებმა ერთ შეტევაში 2 რეალური შანსი გააცუდეს: კიმიხის თავური ლორისმა სასწაულებრივი რეაქციის წყალობით უკუაგდო, ხოლო კარის წინ მდგარმა გიოტცემ შორეული ძელის მიღმა დაარტყა.


2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალი. “სტად ველოდრომი” (მარსელი). 64 078 მაყურებელი

გერმანია – საფრანგეთი 0:2 (0:1)

გერმანია (4-1-4-1): ნოიერი, ბოატენგი (მუსტაფი, 61), ჰიოვედესი, ჰექტორი, კიმიხი, ჩანი (გიოტცე, 67), კროოსი, შვაინშტაიგერი (სანე, 79), დრაქსლერი, ოზილი, მიულერი.

მწვრთნელი: იოახიმ ლიოვი.

საფრანგეთი (4-2-3-1): ლორისი, სანია, ევრა, კოშიელნი, უმტიტი, მატუიდი, გრიზმანი (კაბაიე, 90), სისოკო, პოგბა, პაიეტი (კანტე, 71), ჟირუ (ჟინიაკი, 78).

მწვრთნელი: დიდიე დეშამი.

გოლები: გრიზმანი (45 პენ. 72)

გაფრთხილება: ჩანი (36), ევრა (43), შვაინშტაიგერი (45), ოზილი (45), დრაქსლერი (50), კანტე (75).

მსაჯი: ნიკოლა რიცოლი (იტალია).

კარისკენ დარტყმა: 13 (6) – 12 (7); ბურთის ფლობა (%): 65 – 35; კუთხური: 6 – 5; თამაშგარე: 4 – 0; ჯარიმა: 8 – 12;



Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/worldsport/web/worldcup.worldsport.ge/public_html/pages/wsComments.php on line 55

Warning: mysql_connect(): Access denied for user 'admin_worldsport'@'localhost' (using password: YES) in /home/worldsport/web/worldcup.worldsport.ge/public_html/pages/wsComments.php on line 55
Cannot access MySQL Host