Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
პორტუგალია - ერი, რომელიც ჩემპიონობას იმსახურებდა
2016-07-11 02:44 | ნახვები: 9117
1234567891011121314151617181920
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

პორტუგალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონია! 2016 წლამდე ექვსჯერ ყოფილან ნახევარფინალში, ერთხელ ფინალშიც, მაგრამ ვერა და ვერ დგამდნენ გადამწყვეტ ნაბიჯს. და აი, პარიზში ასწიეს თასი. მოუგეს იმ ქვეყნის ნაკრებს, რომელთანაც ისტორიულად სულ უჭირდათ და 1975 წლის მერე მოგებული არ ჰქონდათ, ჯამში კი ბოლო 10 თამაში ჰქონდათ წაგებული.

პორტუგალია ნიმუში იყო, თუ როგორ უნდა ჩაატარო ტურნირი ცივსისხლიანად, როგორ უნდა გადაანაწილო ძალები და რაც მთავარია, როგორ უნდა ითამაშო ტაქტიკურად გამართულად. ეს მწვრთნელის, ფერნანდო სანტუშის დიდი დამსახურებაც იყო - მისი გამჭრიახობა ფინალშიც გამოჩნდა, როცა შეცვლებით გამოასწორა თამაში. ედერის შემოყვანა რად ღირს - მგონი, სანტუშის გარდა არავის ახსოვდა, რომ ევროპის ჩემპიონატზე წაყვანილი იყო.

მეორე დამატებული ტაიმი ახალი დაწყებული იყო და პორტუგალიამ საიდანღაც გამონახა ძალა, სამი წუთის განმავლობაში მეტოქის ნახევარზე დასახლდა. 107-ე წუთზე რაფაელ გერეირომ (ჩემპიონატის, ალბათ, საუკეთესო მარცხენა მცველმა) საჯარიმო დარტყმით ხარიხა მოიკითხა, ხოლო მალევე გოლი გავიდა... ფორვარდმა ედერმა საჯარიმოს გარეთ მიიღო ბურთი, ერთ მეტოქეს გასცდა და მოულოდნელად გაისროლა კარისკენ - 1:0.

ბოლო წუთებში ფრანგებმა შტურმი ვერ მოახერხეს და საგოლე შანსიც არ ჰქონიათ. სახეზე ეტყობოდათ, რომ შოკირებულები იყვნენ.

მანამდე რა ხდებოდა? მე-9 წუთზე დაიწყო პორტუგალიის განგაში, როცა პაიემ მუხლი მუხლზე მიარტყა კრიშტიანუ რონალდუს და "რეალის" ვარსკვლავი ტკივილისგან დაიტანჯა. ძლივს გააგრძელა თამაში, მაგრამ გასაყვანი და საექიმო გახდა. ისევ შემოვიდა, მაგრამ 25-ე წუთზე საბოლოოდ მოუწია გასვლა... ფინალია, ფავორიტი არ ხარ და გამოგაკლდება გუნდის ლიდერი, გუნდის თილისმა - რამდენმა იფიქრა, რომ პორტუგალია განწირული იქნებოდა დარჩენილ დროში?

რთულია თქმა, პაიემ განზრახ იუხეშა თუ არა, მაგრამ ფაქტია, დიდი საქმე გაუკეთა საფრანგეთს. ისე, პაიეს ბრწყინვალება ნახევარფინალსა და ფინალში საერთოდ გაქრა, სადღა იყო მისი გარღვევები... ვერც ანტუან გრიზმანს წაუვიდა თამაში, მეტიც, სუსტად გამოიყურებოდა.

მუსა სისოკო - აი, ვინ იყო ყველაზე აქტიური მინდორზე. ვერ აჩერებდნენ, თანამემამულე მორაგბე შაბალივით ყველაფერს თელავდა და უდავოდ ფინალის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელებდნენ, "მამლებს" რომ მოეგოთ.

ფინალის საუკეთესო მოთამაშე გახდა პეპე, რომელმაც არა მხოლოდ ეს მატჩი, მთლიანად ევროპის ჩემპიონატიც უჩვეულოდ მშვიდად ჩაატარა.

საკვანძო მომენტი ბევრი იყო, მაგრამ აბა, ჟინიაკის შანსს რა შეედრება. შეცვლაზე შესულმა საფრანგეთის 10 ნომერმა საჯარიმოში მიიღო ბურთი, პეპე მოკლე მონაკვეთში მოატყუა და ახლო კუთხეში ძელს მოარტყა ბურთი... გაუმართლა პორტუგალიას.

გაუმართლა და კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ამ ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ სახელები არ თამაშობენ - მთავარი გუნდურად დაყენებული მოქმედებაა და აი, მაგალითიც: პორტუგალიამ ფინალი რონალდუს გარეშე მოიგო.

რონალდუ, რომელსაც მეოთხე ოქროს ბურთი ალბათ ვეღარსად "გაექცევა", ბოლო წუთებში ლამის დასაბმელი გახდა: თან სიმწრისგან ტიროდა, თან სიხარულისგან და თან ფერნანდო სანტუშის გვერდში მდგომი თანაგუნდელებს ამხნევებდა, შენიშვნებს აძლევდა - თითქოს მწვრთნელობა შეითავსაო.

აი, რა თქვა ედერმა: "თამაშში სანამ ჩავერთვებოდი, რონალდუმ მითხრა, გადამწყვეტ გოლს შენ გაიტანო".

პორტუგალიას ჰყავდა ბრწყინვალე გუნდი ეუსებიოს მეთაურობით, ჰყავდა დიდებული თაობა ფიგუ-რუი კოშტას პერიოდში და აი, მაინც მოახერხა ტიტულის მოპოვება. ეს პატარა ქვეყანა ფეხბურთში ერთ დიდ გამარჯვებას იმსახურებდა.

10 ივლისი. 23:00. პარიზი. "სენ დენი"

პორტუგალია-საფრანგეთი 1:0 (დამატებით დროში) VIDEO

პორტუგალია: რუი პატრისიუ, სედრიკი, პეპე, ფონტე, რაფაელი, ვილიამ კარვალიო, ჟოაო მარიო, ადრიენ სილვა (მოუტინიუ 66), რენატო სანჩესი (ედერი 79), ნანი, რონალდუ (კვარეჟმა 25)

მწვრთნელი: ფერნანდო სანტუში

საფრანგეთი: ლორისი, სანია, უმტიტი, კოშელნი, ევრა, პოგბა, სისოკო, მატუიდი, გრიზმანი, პაიე (კომანი 58), ჟირუ (ჟინიაკი 78)

მწვრთნელი: დიდიე დეშამი

გოლი: 1:0 ედერი (109)

გაფრთხილება: სედრიკი (34), ჟოაო მარიო (62), უმტიტი (80), რაფაელი (95), მატუიდი (97), ვილიამ კარვალიო (98), კოშელნი (107), პოგბა (115), ფონტე (119), რუი პატრისიუ (120+2)

მსაჯი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი)

ბურთის ფლობა %: 47-53, დარტყმა: 9(3) - 18 (7), კუთხური: 5-9, თამაშგარე: 1-2, სეივი: 7-2, ჯარიმა: 12-13

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: პეპე



Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/worldsport/web/worldcup.worldsport.ge/public_html/pages/wsComments.php on line 55

Warning: mysql_connect(): Access denied for user 'admin_worldsport'@'localhost' (using password: YES) in /home/worldsport/web/worldcup.worldsport.ge/public_html/pages/wsComments.php on line 55
Cannot access MySQL Host